ასოციაცია CENN -ის ინფორმაციით, საქართველოს სემიარიდულ ზონას ადგება და გადაძოვების მასშტაბი დასაშვებს ზოგჯერ 20-30-ჯერ აჭარბებს. ასოციაციის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემები საბჭოთა პერიოდისას უთანაბრდება.
ოფიციალური სტატისტიკით, საბჭოთა საქართველოში ცხვრის მაქსიმალური რაოდენობა 1,8 მლნ სულამდე აღწევდა, მის გამოსაკვებად კი აზერბაიჯანის, დაღესტნისა და კასპიისპირა ზამთრის საძოვრები გამოიყენებოდა.
„დარღვეულია საძოვრების ექსპლუატაციის ვადებიც. გარდამავალი საძოვრების გადახვნის გამო ზამთრის საძოვრების დატვირთვის პერიოდი 2 თვით გახანგრძლივდა. შედეგად, გაუდაბნოების პროცესმა ბოლო წლებში განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო", - განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში.
"1989 წლამდე ელდარში სამეცნიერო კვლევებს ვატარებდი. იქ ჩასვლა ცოტა ხნის წინ მომიხდა და საოცარი ცვლილება დამხვდა. შეიძლება ითქვას, რომ საძოვრების ფლორისტული შემადგენლობა გადაგვარებულია. გადაძოვების გამო არსებული სახეობების ჩანაცვლება ხდება კლიმატის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე სახეობებით. ბიომასა არსებობს, მაგრამ ცხვრისთვის არ ვარგა და დატვირთვა ისევ კვებითი ღირებულების მქონე მცენარეებს ადგება, რის გამოც ეკოსისტემა სწრაფად იცვლება. მეცხვარეს რომ ეუბნები, 300 ჰექტარზე 300-ზე მეტი ცხვრის ძოვება არ შეიძლებაო, არასერიოზულად აღიქვამს. მათი მხრიდან ხშირია ისეთი ექსპერიმენტებიც, როგორიც საძოვრის გადაწვა ან მოხვნაა, რის გამოც საძოვარი საბოლოოდ ნადგურდება", - აღნიშნავს გეობოტანიკოსი ნიკოლოზ ლაჩაშვილი.