ამ ადამიანს შეიძლება ოპონენტები სიტყვებზე გამოეკიდონ, მაგრამ ფაქტია რომ სწორი ხედვა აქვს, გულწრფელია და ალბათ ყველაზე მეტი გაუკეთებია და აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან სწორად დასვა აქცენტები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, ღიაობაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე და ზოგადად საპარლამენტო მმართველობის მოდელის დანერგვაზე.
"დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ყოველთვის ყველაზე უბრალოდ და სწორად ლაპარაკობს. ძალიან სწორად დასვა აქცენტები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, ღიაობაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე, ზოგადად საპარლამენტო მმართველობის მოდელის დანერგვაზე. სწორად და რეალისტურად ხედავს და აფასებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას და შანსებს.
ტალახის სროლა ყველაზე ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი. მომწონს დენდროლიგიური პარკიც, პანორამა თბილისიც, ციცინათელაც, მუსიკალური ცენტრიც, გრანდიოზული სასტუმროც ურეკში და კიდევ ბევრი სხვა პროექტი. მისი კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე რომ ხეების გადატანის თემაზე ჩვენი ოპონენტების მიერ ენთუზიაზმით მიწოდებულ ინფორმაციას ვერ ცდება, ესეც საკმაოდ ნიშანდობლივი და სასაცილოც კია. ეს პროექტები ახალი მიზიდულობის ცენტრებია, ახალი საინტერესო სანახაობაა, რაც მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას; ეს სამუშაო ადგილებია ჩვენი მოქალაქეებისთვის და დახარჯული ფულია, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში რჩება; ყველაფერთან ერთად, ეს კარგი სტიმულია სხვა ინვესტიციების მოსაზიდად. ხშირად უნდა ჰქონდეს საჯარო გამოსვლები. მისგან საზოგადოებამ გუშინ ბევრ კითხვაზე მოისმინა პასუხი", - განაცხადა ხულორდავამ.