პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტოს უმრავლესობის წევრებთან ერთად, თბილისის მერიის მიერ ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.
„კახა კალაძე თბილისის მერი გახდა არა ზოგადი პოლიტიკური გზავნილებით და სლოგანებით, არამედ, ძალიან დახვეწილი პროგრამით, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არჩევნებში. დღეს ვხედავთ, რომ ეს პროგრამა ზედმიწევნით ხორციელდება, ხორციელდება ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით თბილისის მოსახლეობის წინაშე",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც, მათ შორის, დაკავშირებულია ეკოლოგიასთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობის განტვირთვა თბილისში და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი გახდეს საცხოვრებლად უფრო მეტად კომფორტული როგორც თბილისის მაცხოვრებლებისთვის, ასევე, თბილისის სტუმრებისთვის და ამ ყველაფერს ემსახურება ის ხედვა, რომელიც დღეს იყო წარდგენილი თბილისის მერის მხრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანუ მერის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ეს გეგმა ზედმიწევნით განხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის შემდგომი განვითარებისთვის",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება. პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე.