საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსული აგრესიის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის ახალი სახლების მშენებლობის პროგრამა წარმატებით განხორციელდა. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გორში სტუმრობისას განაცხადა, სადაც სოფელ საქაშეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახებისთვის სახლების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
"ომის შედეგად დაზარალებულების განთავსების და მათთვის სახლების აშენების პროგრამა დღეს საბოლოოდ, როგორც ამ ხალხს დავპირდით, წარმატებით დასრულდა. ჩვენ ავაშენეთ 6 ათასამდე სახლი და ბინა და პრაქტიკულად, ყველას, ვისაც დავპირდით სახლები და მიწები გადავეცით. ყველა სხვა საკითხიც ბოლომდე გადაწყდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა თურქულ მხარეს, რომელმაც დევნილებისთვის სახლების მშენებლობა დააფინანსა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებისთვის აშენებული თითოეული სახლი მეგობრობის ჟესტის განსახიერებაა".
"ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს, როგორც არასდროდს ბევრი მეგობარი ჰყავს. თითოეული ეს სახლი მეგობრობის კონკრეტული ჟესტია. მეგობრობა ის კი არ არის, ლიდერებს როგორ მოგვეპყრობიან, არამედ როგორ მოეპყრობიან თითოეულ ქართველს", - განმარტა სააკაშვილმა.
გორის რაიონის სოფელ საქაშეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 100 ოჯახი ჩასახლდება. სახლები თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციის დაფინანსებით აშენდა.
ახალმოსახლეები ბოლო დრომდე საბავშვო ბაღებში და სხვადასხვა ობიექტებზე იყვნენ გადანაწილებული და არ გააჩნდათ საკუთარი სახლი.
სპეცილურად ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის, ფარუქ ჩელიქის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია.