საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფედერაციული ურთიერთობების დამყარებას სომხეთის მხრიდან კონტრღონისძიებები მოჰყვება, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განუცხადა. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ეს ეს კავშირი სომხეთის მხრიდან მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკად მაინც აღიქმება.
"ორ ქვეყანას შორის კონფედერაციულ კავშირს, თუ ეს ეკონომიკური ხასიათის იქნება ძალიან ბერი პლუსი ექება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ერევანმა მოსკოვს სამხედროს ბაზების ყოფნის ვადა 2045 წლამდე გაუგრძელა, რომლის სანაცვლოდაც კრემლისგან დსთ-ს სივრცეში სომხეთის დაცვა აიღო ვალდებულებად. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო-აზერბაიჯანის ბლოკი შეიქმნება ეს აღიქმება, როგორც სომხეთთან, ასევე რუსეთთან დაპირისპირებად. ამ კავშირს შეიძლება მართლაც ბევრი პლუსი ჰქონდეს ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ იმდენად დიდი მინუსები შეიძება აღმოჩნდეს, რომ ის დადებითი საერთოდ გადაფაროს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობების ტექნიკური საკითხები უკვე გახმოვანებულია, "დანარჩენი კი დიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია". "ჩვენი მხრიდან მზაობა არის, დანარჩენი კი დიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია. ასეთი ურთიერთობების არსებობისათვის მზადყოფნას გამოვთქვამთ", _ განაცხადა კალანდაძემ.
საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობების შესაძლებლობის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 18 ივლისს, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროს ისაუბრა. "საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რადგან ჩვენი ურთიერთობები ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღემატება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, კონფედერაცია ნიშნავს ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთი კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კონფედერაცია თვითონაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში როგორც სუბიექტი და აქვს საერთაშორისო სამართალსუბიექტის ნიშნები, მაგრამ შეზღუდული სახით. კონფედერაციის ჩამოყალიბება ფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც კონფედერაციას გადაეცემა უფლებამოსილება გარკვეულ სფეროებში. ჩვეულებრივ, ეს სფეროებია: ომი და ზავი, საგარეო პოლიტიკა,შეიარაღებული ძალები. შესაძლოა მათ განეკუთვნებოდეს აგრეთვე საფინანსო პოლიტიკა და ა.შ. მაგრამ იმის გამო, რომ კონფედერაციის წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტს ინარჩუნებენ, გადაწყვეტილებები მისთვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებშიც მისი ყველა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მიიღება.
კონფედერაცია გარდამავალი ტიპის რთული სახელმწიფოა, რომელიც ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ან ფედერაციაში გადაიზრდება (აშშ 1776-1787, შვეიცარია 1815-1848), ან იშლება (გამბია და სენეგალი 1982-1989).