აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია საიმედო პარტნიორია და ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლების ურთიერთობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, იტალია იდგა ჩვენს გვერდით და კიდევ ერთხელ მსურს, იტალიელ ხალხს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, იტალიის მხრიდან საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა.
მისივე თქმით, გასულ წელს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა. აღნიშნული ურთიერთობები კი, ერთგულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზეა დაფუძნებული.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. მსურს ბატონ პრეზიდენტს, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ისტორიული ვიზიტისთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიმართ მკაფიო მხარდაჭერას. მინდა ავღნიშნო, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისთვის, თბილისში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.