საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას თხოვნით მიმართა.
"ვრცელდება ხმები იმის შესახებ, თითქოს თბილისში ან ბათუმში განზრახულია ე. წ. გეიაღლუმის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევით ვაცხადებთ შემდეგს: 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყანაში, 100000 მოწამის სისხლით მორწყულ ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში, წარმოუდგენელია და დაუშვებელი ხალხისთვის მისაღებ ფორმად ჰომოსექსუალიზმის წარმოჩენა, რასაც მათი საჯარო მსვლელობის მოწყობა ნიშნავს. გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის უმძიმესი ცოდვა, რომლის ჩამდენნიც ამისგან სინანულით, აღსარებითა და ზიარებით უნდა გათავისუფლდნენ, რათა "ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელ რისხვას~ გადაურჩნენ (რუსი-ურბნისის კრება)", _ აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ცოდვა და მისი თითქმის ყველა გამოვლინება კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ არც ერთ დროს იგი ნებადართულ მოვლენად არ მიიჩნეოდა. დღეს პირდაპირ თუ ირიბად ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა იქმნება.
"ვალდებულნი ვართ, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ, როგორც ადამიანის მორალურ-ზნეობრივი დაცემის ხელშემწყობნი, ისე განსაკუთრებით მამათმავლობის, ლესბოსელობის და სხვა ავხორცული გამოვლინებების ლეგალიზების უფლების მქონენი, რომ თავის თავზე ღვთის დიდ სასჯელს მოიწევენ და ეს სასჯელი ერზედაც გადავა. შევნიშნავთ იმასაც, რომ მიუხედავად ათეისტური რეჟიმის მავნე ზეგავლენისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე დამცველია (არა აქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა იგი) და ამდენად ჰომოსექსუალთა აღლუმი, ბუნებრივია, მათში მძაფრ რეაქციას გამოიწვევს, რაც შეიძლება მკვეთრ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ვთხოვთ ხელისუფალთ, არ დაუშვან სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა, რომ იგი არ იქცეს საშინელი ცოდვის და საზოგადოებრივი აღშფოთებისა და არეულობის მიზეზად. დავდგეთ სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, რათა ღმერთმა დალოცოს, დაამშვიდოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო", _ აღნიშნულია განცხადებაში.