Art-გენი 2018 სტარტს 21 ივნისს აიღებს. ფესტივალი ტრადიციულად რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. Art-გენი წელს საქართველოს 4 რეგიონში 9 დღის განმავლობაში იმოგზაურებს.
ბოლო წლების განმავლობაში ეს იქნება ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური რეგიონული ტურნე ფესტივალის 15 წლიანი არსებობის მანძილზე.
ფესტივალი სპეციალური საკონცერტო პროგრამით 21 ივნისს მაღალმთიან აჭარას ესტუმრება. ღონისძიებები ქედაში, სოფელ მახუნცეთში გაიმართება სადაც ასევე დაგეგმილია ძეგლის გახსნა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და „სამშობლოს სადარაჯოზე“ ჰქვია.
24 ივნისს არტგენი გურიას ესტუმრება და ლანჩხუთში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში უმასპინძლებს მაყურებელს. 27 ივნისს ფესტივალი იმერეთში წყალტუბოში ნიკო ლოთქიფანიძის სახლმუზეუმში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 29 ივნისს ლეჩხუმში ცაგერის ამფითეატრში დასრულდება.
Art-გენის რეგიონული ტურნესთვის ადგილების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის თავლსაზრისით, ისე ტურისტულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილების გაცოცხლება და პოპულარიზაცია.
ოთხივე რეგიონში ფესტივალზე წარმომადგენილი იქნება : ხალხური რეწვის გამოფენები; ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენები; ფოლკლორული პროგრამა ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით და ჯგუფ „ფრანის“ და ჯგუფ „რეგიონის“ დასკვნითი კონცერტები.
Art-გენი 2018 -ის თბილისის ტური 8-15 ივლისს ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება. 8 ივლისს თბილისის ტურს ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ისაითი“ გახსნის“ და 15 ივლის ნიაზ დიასამიძის და 33-ას კონცერტით დაიხურება. წელს პირველად Art-გენ-ზე ჰიპ-ჰოპის დღე გაიმართება. Art-გენის მაყურებელს ტრადიციულად ელოდება „სუხიშვილების“ რობი კუხიანიძის, ჯგუფ ფრანის და ჯგუფ ReGGaeon -ს კონცერტები. ასევე უკვე მეორედ Art-გენის სცენა დაეთმობა ჯგუფ Asea Sool-ს რომლის სიმღერის ჩანაწერიც სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ ჰიტად იქცა და მაყურებლის ფართო აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება მოიპოვა.
15 წლის მანძილზე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს .
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში “ ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.