ხვალ, 18 აგვისტოს, 13.00 საათზე, თავისუფლების მოედანი #2-ში მდებარე `ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში,~ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრი, ვერა ქობალია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალ ხელმძღვანელს, მაია სიდამონიძეს წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის და შესაბამისად, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა დაასახელა 5 აგვისტოს დაასახელა.
მაია სიდამონიძის კანდიდატურა სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ კონკურსის 109 მონაწილეს შორის შეარჩია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ თემაზე მედიისთვის კომენტარი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გააკეთა. ვერა ქობალიამ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა კონკურსის ყველა მონაწილეს და აღნიშნა, რომ კომისიის წევრებმა თითოეული პროექტი წაიკითხეს და მათ შორის 10 საუკეთესო ქულების მინიჭების სისტემით გამოავლინეს.
გამარჯვებული პროექტი მეორე ტურში გამოვლინდა და ამ ათეულიდან შეირჩა - კომისიის წევრები 4 აგვისტოს პირადად შეხვდნენ საუკეთესო პროექტების ავტორებს, რამდენიმე მათგანს კი ინტერნეტის საშუალებით გაესაუბრნენ, მათ შორის იყო მაია სიდამონიძეც, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება. მინისტრის ინფორმაციით, მაია სიდამონიძის პროექტმა კონკურსის პირველ ეტაპზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, გასაუბრების შემდეგ კი კომისია დარწმუნდა, რომ ის საუკეთესო კანდიდატი იყო. საბოლოოდ არჩევანი 2 კანდიდატს შორის გაკეთდა - კომისიამ მაია სიდამონიძის პროექტი 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ აირჩია.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, მაია სიდამონიძეს ტურიზმის სფეროში აქვს განათლება მიღებული - ბაკალავრიატი შვეიცარიაში დაამთავრა, მაგისტრატურა კი - დიდ ბრიტანეთში. მას ტურიზმის სფეროში აქვს მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე ინგლისში. ვერა ქობალიას ინფორმაციით, მაია სიდამონიძემ კონკურსზე დეტალურად გაწერილი პროექტი გამოაგზავნა და გასაუბრებისას ის ასევე საინტერესოდ წარმოადგინა.
"მაია სიდამონიძეს საინტერესო იდეები ჰქონდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით. ეს იყო მცირებიუჯეტიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური პროექტები" - აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, ვერა ქობალიას ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე რამდენიმე პროექტის ავტორს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გარკვეულ პოზიციებზე მუშაობას შესთავაზებენ. მათ შორის იქნება კონკურსის ის მონაწილეც, რომლის პროექტიც გამარჯვებულის მთავარი კონკურენტი იყო.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე თბილისში აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოვა და ახალ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი თემაზე "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება" 12 ივლისს გამოაცხადა. კონკურსის გამოცხადების მიზანი იყო საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელშეწყობა; ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების ხელშეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება. ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს - ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლებით ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული პროექტის ავტორი ავტომატურად გახდა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია იყო, მისი წევრები კი პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები: ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, ჟურნალისტი ეკა ხოფერია, "აჭარა გრუფ"-ის გენერალური დირექტორი ივა დავითაია, ჟურნალ "ტაბულა"-ს მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი ზურაბ ლილუაშვილი, "24 საათი"-ს თანადამფუძნებელი პაატა ვეშაპიძე, გაეროს ასოციაციის მიმართულების ხელმძღვანელი რამაზ აფციაური და არასამთავრობო ორგანიზაციის "ალპე"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაპროგრამების დირექტორი მერაბ ბასილაია