ჩვენ შევძელით რუსული ჯარების შეჩერება, რომლებიც თბილისისკენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიწევდნენ, _ ამის შესახებ საფრანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა რუსული ოპოზიციური გაზეთის "ნოვაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კუშნერმა მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით შარშან გაფორმდა. კითხვაზე, სცადა თუ არა კუშნერმა ამ დღეებში, მედვედევთან შეხვედრაზე აღნიშნული შეთანხმების შესრულების შეფასება, ფრანგმა მინისტრმა განაცხადა:
"მაშინ ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. მე მაშინ მზად ვიყავი იმ პირობებში ასე მემოქმედა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ პრეზიდენტი სარკოზიც ასეთ სიჩქარეს გამოავლენდა. იგი პეკინში იყო ოლიმპიადაზე და მაშინვე პარიზში დაბრუნდა. მე მანამდე პირველ დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სააკაშვილთან გავმართე. შემდეგ იყო მეორე დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებული იყო პუტინთან, მედვედევთან, პრიხოდკოსთან და ლავროვთან. და შემდეგ, ერთ დღეში ჩვენ მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელიც არასრული იყო მთელი რიგი მიზეზების გამო, რომლებსაც ახლა არ ავხსნი. ზოგიერთები კმაყოფილნი არ იყვნენ იმით, რომ მე საერთოდ მოვამზადე ეს დოკუმენტი. შემდეგ ახლის მომზადება მოგვიწია, შემდეგ იყო თარგმანის პრობლემა.
რას ველოდით? ჩვენ მოვითხოვდით საქართველოს ტერიტორიაზე რუსების გადაადგილების შეჩერებას, კონფლიქტის ზონებიდან ყველა სამხედროს გასვლას და იქ ევროპელი დამკვირვებლების შეყვანას. ამას მივაღწიეთ. მაგრამ ჩვენ არ მოვითხოვეთ ის, რაც ჩემს პირველ დოკუმენტში იყო - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ რომ ეს მოგვეთხოვა, ვერ მივაღწევდით პუტინისა და მედვედევის ხელმოწერებს. იმავე საღამოს მოგვიწია მედვედევთან ამ დოკუმენტში ერთი ფრაზის შეთანხმება, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის ცნების ტოლფასი იყო. და რადგან ეს არასრული იყო, მოგვიწია წერილში დაგვეზუსტებინა ცნება ``მიმდებარე ტერიტორიები``, ``სასაზღვრო ზონა``. რას მივაღწიეთ? ძალიან მალე დაახლოებით 300 მეთვალყურე 27 ევროპული ქვეყნიდან მოვლენათა ადგილზე ჩავიდა. ჩვენ დავტოვეთ რეგიონი, მეორე დღეს კი ბრიუსელში ეს ტექსტი ევროკავშირის 27 საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე. არ დაგავიწყდეთ, რომ ამერიკელები იქ არ იყვენ... ამგვარად, შესაძლებელი გახდა რუსული ჯარებისა და ტანკების შეჩერება, რომლებიც თბილისის გზაზე იდგნენ და ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიწევდნენ. მაგრამ ჩვენ წავაგეთ საქართელოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. თუმცა ჩვენ მივაღწიეთ ჟენევის მოლაპარაკებებს, რომლებიც ახლაც გრძელდება``, - აცხადებს კუშნერი.
კითხვაზე - ``ეს ჩიხია? რუსეთი ხომ არ იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე?'' ფრანგი მინისტრი პასუხობს: ``მაგრამ ეს იყო ომის დასასრული და თბილისისკენ რუსული ჯარების წაწევაზე უარის თქმა. თუმცა მედვედევმა გვითხრა, რომ არ აპირებდა თბილისში შესვლას. რთულია იმის თქმა, რას მივაღწიეთ და რას ვერა''.
''უმჯობესია მოლაპარაკება, ვიდრე ომი``, - ჟურნალისტის ამ რეპლიკაზე ბერნარ კუშნერი აცხადებს: ‘'ვფიქრობ, რომ კი. მე ჩრდილოეთ ოსეთში გავემგზავრე, რათა რუსეთის მხარეზე მყოფ ლტოლვილებს შევხვედროდი, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. მე ვიყავი მათ ბანაკებში... მე არ ვიცი, დაბრუნდნენ თუ არა ეს ადამიანები სახლებში, მაგრამ საქართველოს მხრიდან ლტოლვილები სახლებში არ დაბრუნებულან"