მარნეულში მომხდარი ფაქტი არის პრეცედენტი იმისა, როგორ პასუხობს ხელისუფლება პოლიტიკურ კრიტიკას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ჩვეული ფორმა, რომელიც დანერგა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ცალკე ადგილზე მომხდარი ინციდენტი.
„ეს არის პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლება ასე პასუხობს პოლიტიკურ კრიტიკას. გავიხსენოთ ბირჟა მაფიის შემთხვევა, როდესაც ვიდრე არ მოხდა საზოგადოებრივი წნეხი, ადამიანებს გაუსწორდნენ პოლიციის კრიტიკის გამო. ეს არის ჩვეული ფორმა, რომელიც დანერგა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ცალკე ადგილზე მომხდარი ინციდენტი. ცხადია, დაკავება იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგან კადრების გავრცელებამდე არავის არაფერი მოუმოქმედებია იმ კლიმატში, სადაც ხელისუფლებას სერიოზული კრიზისის ფონზე უწევს ასე მოქცევა. ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი ეს საქმე. ამ საქმის გამოძიებაც არ იქნება საბოლოო პასუხი, რადგან ეს სიძულვილის კლიმატი და ძალადობრივი სისტემა ფუნდამენტურად უნდა აღმოიფხვრას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურაში დაუდასტურეს.
მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.