ადამიანის ღირსების შელახვის ყველა გამოვლინებას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მარნეული მერის, თემურ აბაზოვის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტანდარტი დამკვიდრდა, რომ ადამიანებს პარტიული კუთვნილებით არ არჩევენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებენ, რათა მსგავსს საკითხებზე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოხდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მნიშვნელოვანია, რომ კანონი ყველას თანაბრად შეეხოს მერი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი“, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურაში დაუდასტურეს.
მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.