მესტიაში ახალი აეროდრომი აშენდება. მესტიის აეროდრომის საპროექტო სამუშაოს ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამერიკულ-ბულგარული კომპანია ATM Project and Solutions განახორციელებს, რომელსაც რთულ რელიეფურ ადგილებში აეროდრომების დაპროექტების დიდი გამოცდილება აქვს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი დავითაძემ აღნიშნა, მესტიის აეროდრომი, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შეძლებს ფრენების მომსახურებას. მისი განცხადებით, დაგეგმილია საფრენი ტრასის გადიდებაც, რათა მოხერხდეს მცირე ავიაციის ლაინერების მომსახურება.
მესტიის აეროდრომის მოსანახულებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია, მესტიაში უკვე იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მინისტრი გაეცნო მესტიის აეროდრომის რეაბილიტაციის პროექტს, რომლის განხორციელების შემდეგ აღნიშნული ობიექტი ყოველდღიურად შეძლებს საფრენი ობიექტების მომსახურებას.
მესტიის აეროდრომის პროექტის განხილვას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი დავითაძე და მესტიის რაიონის გამგებელი გოჩა ჭელიძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, აეროდრომის რეაბილიტაციის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. ობიექტის ამოქმედების შემდეგ კი მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიაში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა, რაც სვანეთში მომსახურების სფეროს განვითარების დამატებითი სტიმული იქნება. გარდა ამისა, ახალი აეროდრომი ადგილობრივ მოსახლეებს გაუმარტივებს კავშირს საქართველოს სხვა რეგიონებთან.
"ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს მცირე ბიზნესის განვითარება წარმოადგენს. სვანეთში ტურისტების რაოდენობის ზრდა, პირველ ყოვლისა, სწორედ მცირე მეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ დაგვჭირდება მეტი ახალი სასტუმრო, კაფე და მაღაზია. რეგიონში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც დასაქმდებიან ადგილობრივი მოსახლეები, ასევე სამუშაოდ ჩამოვლენ ახალგაზრდები საქართველოს სხვა რეგიონებიდან", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მსგავსი ტურისტული ინფრასტრუქტურა მომავალი სეზონისთვის იქნება მზად და შეძლებს ტურისტების მომსახურებას.