თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა სამსახურეობრივ გულგრილობაში ეჭვმიტანილს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორს თამარ ნემსიწვერიძეს.
თამარ ნემსიწვერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანმაშრომლებმა ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპით აღნიშნული 92 დასახელების წიგნი.
შსს-მ ნემსიწვერიძესთან ერთად ასევე დააკავა ქურდობაში ეჭვმიტანილი, ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი, 1938წ.დ თამაზ ნიკოლეიშვილი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, წარსულში ქრთამის აღებისთვის ნასამართლევი, მფრინავთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, მერაბ ჭელიძე. აღნიშნული პიროვნება ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობაში ეჭვმიტანილ ვაჟა აზარიაშვილსა და ზურაბ აღდგომელაშვილს, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით, უცხოეთში რეალიზაციის მიზნით ხელს უწყობდა მოპარული წიგნების ქ.თბილისის აეროპორტიდან ეტაპობრივად უკრაინის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში. საზღვარზე წიგნების ბოლო გადატანის სანაცვლოდ მერაბ ჭელიძემ აიღო 6 000 აშშ დოლარი. თუმცა აღნიშნული ტვირთი დაკავებულ იქნა უკრაინის საბაჟო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ეჭვმიტანილმა შეპირებისამებრ წიგნების დაბრუნება ვერ შეძლო, თანხა კი თაღლითურად მიითვისა.
მე-18 და მე-19 საუკუნის ისტორიული მნიშვნელობის გატაცებული წიგნები აღმოჩენილ იქნა უკრაინის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკაში. წიგნების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 342-ე , 180-ე და 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით.