დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დოდოს რქის მონასტერს რეაბილიტაცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II -ს ლოცვა-კურთხევით, შემოწირულობებით მიმდინარეობს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლები მონაწილეობენ. ადგილობრივებმა დოდო გარეჯელის მიერ აგებული VI საუკუნის ღვთისმშობლის შობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი გაწმინდეს. ეკლესია 3-4 მეტრზე მიწით იყო ამოვსებული.
როგორც ეკლესიის წინამძღვარმა მამა სერაფიონმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ტაძარში უმნიშვნელოდაა შემორჩენილი ფრესკები და მათ სერიოზული დამუშავება სჭირდება. რეაბილიტაციის დროს გაიწმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარიც, რომელიც გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე მონასტრის მამებმა ააგეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დოდო გარეჯელის მონასტრამდე მისასვლელ გზასაც და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყო.