დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებას, რომელიც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პასუხობს.
„მივმართავ, საზოგადოების სამართლიანი პროტესტით აღშფოთებულ კალაძეს:
თქვენ ამ განცხადებით ფაქტობრივად აღიარეთ სარალიძისა და გირგვლიანის საქმის იდენტურობა! დიახ, აღიარეთ რომ სარალიძე თქვენი ხელისუფლების „გირგვლიანია“! თუ ასე არაა, რატომ გაგახსენათ ამ აქციამ გირგვლიანი? თურმე დღესაც გახსოვთ როგორ გინახავთ პირველად გამწარებეული დედა ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე გამოსული მხოლოდ ათიოდე მოქალაქე. წლების წინ, იმ აქციაზე, თქვენ არ მდგარხართ - ხელისუფლების ფავორიტობა და პრემიერ ნოღაიდელთან ერთად მრავალმილიონიანი ბიზნესები არ გეთმობოდათ.
თქვენგან განსხვავებით კი მე, ნიკა მელია, ის ვარ, ვინც მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი, იმ საპროტესტო აქციებზე ვიდექი და ირინა ენუქიძის ტკივილს თქვენსავით გადმოცემით არ ვიზიარებდი. ასე რომ, როდესაც დღეს ჩვენ გვიწოდებთ „ამორალურ პირებს“ და „გაკვირვებას“ ვერ მალავთ საზოგადოებისადმი ჩვენი დამოკიდებულების გამო, სჯობს თქვენს იმდროინდელ დამოკიდებულებებსაც გადახედოთ და გაიხსენოთ, რომ ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი მაშინ გაგახსენდათ, როცა თქვენი და მაშინდელი ხელისუფლების გზები გაიყო და ეს ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის დაგჭირდათ.
აქვე მინდა შეგახსენოთ და გაგაფრთხილოთ, „გირგვლიანის საქმის“ გამო, ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკურად უკვე აგო პასუხი 2012 წლის არჩევნებზე და სარალიძის გამო, სწორედ თქვენს გუნდს მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა!"