საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაწილეობით აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან დახმარების სახით 73.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, საქართველოს რეგიონული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით და იძულებით გადააგილებულ პირთა მხარდასაჭერად.
ხელშეკრულების პირობების თანახმად აღნიშნული თანხა სამი მიმართულებით გადანაწილდება. ესენია: 1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რისთვისაც პირველ ეტაპზე 20.1 მილიონი დოლარია გამოყოფილი და მოიცავს 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემების, საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; 2. მუნიციპალური განვითარება და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, რისთვისაც გამოყოფილია 14 მლნ აშშ დოლარი და ითვალისწინებს ადგილობრივი საწარმოებისა და ინდივიდუალური პირებისათვის გრანტების გამოყოფას, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისა და მცირე ბიზნესის გასავითარებლად; 3. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება, რისთვისაც პირველ ეტაპზე ყველაზე დიდი თანხა 39 მლნ დოლარია გამოყოფილი და ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების განახლება-კეთილმოწყობას და 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ადგილების რეაბილიტაციას და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას.
საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულება აშშ-ის დახმარების თანხის 83 მლნ დლარამდე გაზრდასაც ითვალისწინებს.
აშშ-ის მთავრობის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ რ. ბასმა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი კობა სუბელიანი, ვინაიდან ხელმოწერილი პროექტების კოორდინირება და განხორციელება სწორედ აღნიშნულ სამინისტროებს დაევალათ.