6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.
შალვა ამირანაშვილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში 1928 წლიდან მოღვაწეობდა, ხოლო 1939-1975 წლებში ქართული კულტურის საგანძურს ედგა სათავეში. მეცნიერმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ძეგლების რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებაში. 1945 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად საფრანგეთიდან ჩამოიტანა ეროვნული საგანძური.
გარკვეული პერიოდის განმავლობასი შალვა ამირანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრას ხელმძღვანელობდა. იგი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი: "უბისის მოხატულობა~, "ქართული კედლის მხატვრობის ისტორია~, "ბექა ოპიზარი~, "ქართული მინიატურა~, "ვეფხისტყაოსნის დასურათებული მინიატურა~, "ქართული მინანქარი~, "ირანული დაზგური ფერწერა~, "ქართული ხელოვნების ისტორია~ და სხვა.
1990 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს შალვა ამირანაშვილის სახელი მიენიჭა.
ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენის მიზანია ღვაწლმოსილი მეცნიერის შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის წარმოჩენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ამირანაშვილის მიერ მოძიებული და სამშობლოში დაბრუნებული 100-მდე ექსპონატი. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურში დაცული XIX საუკუნის სამეფო ვერცხლის ჭურჭელი, საეკლესიო სარიტუალო დანიშნულების ნივთები და სამღვდელმთავრო ნაქარგი სამოსი, უფლისციხის არქეოლოგიური მასალა, შუა საუკუნეების სვანეთის ფრესკის ასლები და გვიანი შუა საუკუნეების ხატები, რელიეფური ქანდაკების ფრაგმენტები.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ახალი და თანამედროვე დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსული ხელოვნების მხატვართა ფერწერული ნამუშევრები. საქართველოს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული საარქივო დოკუმენტები, პირადი წერილები და ნივთები, სამეცნიერო ნაშრომები, აუდიო, ვიდეო- და ფოტომასალა.