დღეს, 6 ოქტომბერს, კონფერენცია „ჟურნალისტები მშვიდობისთვის" გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან.
კონფერენციის მიზანია, კავკასიის რეგიონის ჟურნალისტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში მედიის როლის გაძლიერება.
კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის მოეწყობა ტრენინგ-სემინარი, თემაზე "კონფლიქტურ რეგიონში მუშაობის მეთოდები". ლექციას ცნობილი სამხედრო ჟურნალისტი და ექსპერტი, რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი პრაღაში ანდრეი ბაბიცკი წაიკითხავს.
სამდღიანი კონფერენცია სასტუმრო "თორში" გაიმართება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი ოლეგ პანფილოვი.
კონფერენციის პირველ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი გამართავენ. ისინი საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიან გეგმებზე და არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების თანაორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ჟურნალისტთა ცენტრი" და აფხაზეთის მედიაცენტრი. კონფერენცია სამდღიანია და 9 ოქტომბერს დაიხურება.