თბილისის ბავშვთა ნახატების გალერეაში ქართველი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, საქართველოში ირანის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, ქართველი ირანისტები, თბილისში ირანული სკოლის დირექტორი და მოსწავლეები, თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ბავშვთა ნახატების გალერეის დირექტორი, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და მიესალმა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას.
ირანში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ ნახუცრიშვილმა განაცხადა, რომ ქართველი მოსწავლეების ნამუშევრებმა გაიმარჯვა ირანში გამართულ ბავშვთა საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალზე და მან, როგორც საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა ირანში, მიიღო გამარჯვებული მოსწავლეების ჯილდოები.
ირანის საელჩოს მრჩეველმა კულტურის საკითხებში ეჰსან ხაზაიმ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ღონისძიების ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვების ხელოვნების ნიმუშები განსაკუთრებული სიფაქიზით გამოირჩევა და მათი უმანკო და გულწრფელი ხედვა მათ ნამუშევრებში აისახება.
"ქართველი ბავშვების მოსწავლეების გამარჯვება ირანში გამართულ საერთაშორისო კორკურსში ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობის გამოხატულებაა, რომელიც იმედია, მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება", _ განაცხადა მან
ქართველმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალში "დავხატოთ მომავლის ქალაქი", რომელიც 2009 წლის 8 ოქტომბერს თეირანში ჩატარდა და მასში 13 ქვეყნის 1335 წარმომადენელი მონაწილეობდა. ფესტივალის ჩატარება დაემთხვა ბავშვთა მსოფლიო დღის აღნიშვნას ირანის ქალაქ ქავეში. ფესტივალის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავისუფალი ტექნიკით შესრულებული 25 და 35 სმ ფორმატის ნამუშევრები "მომავლის ქალაქში" ოჯახის, გარემოს, კულტურის მემკვიდრეობის, ხელოვნებისა და სხვა თემების შესახებ. ბავშვთა ნახატების კონკურსის ორ გამარჯვებულს, ქეთი ჯაოშვილს და თიკო ბარათაშვილს, ფულადი პრემია და ფესტივალის პრიზები გადაეცათ. დანარჩენმა მონაწილეებმა კი საჩუქრები მიიღეს.