"ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას," ასე ერქმევა ტელეკომპანია "მაესტროსა" და თავისუფალ მოაზროვნეთა ასოციაციის ახალი პროექტის - სახალხო სასამართლოს პირველ პროცესს. სახალხო სასმართლო მაესტროს ეთერში ნოემბრის ბოლოდან კვირაში ერთხელ, ღამის 11 საათზე გავა.
დღეს სასტუმრო "რედისონში" სახალხო სასამართლოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ. გახმაურდა პროექტში მომუშავე ადამიანების ვინაობა: სახალხო მოსამართლე მინდია უგრეხელიძე (მრავალი გახმაურებული საერთაშორისო პროცესის მოსამართლე, მათ შორის გენერალი, ავგუსტო პინოჩეტის) იქნება, ბრალმდებელი კი _ გელა ნიკოლაიშვილი.
"სახალხო სასამართ;ო სახელმწიფო სასამართლო სისტემისგან განსხვავებით, არ მოექცევა სახელისუფლებო გავლენის ქვეშ, პირუთვნელად დაიცავს საზოგადოებრივ ინტერესებს და საერთაშორისო სამართებრივი ნორმებით იხელმზღვანელებს", - განაცხადა პროექტის იდეის თანაავტორმა, ფილოსოფოსმა შიო არსენიშვილმა.
პროექტი მიზნად ისახავს ხელისუფლების სავარაუდო სამართალდარღვევათა საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანას (გასამართლებას), ანუ მის მიერ რეალურად ჩადენილ უსამართლობათა გამოვლენას და სამართლებრივ შეფასებას.
"ხელისუფლება არა მხოლოდ უნდა შეიცვალოს, არამედ უნდა გასამართლდეს კიდეც. ეს პროექტი ამ მიზნის განხორციელებას ხელს შეუწყობს", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
"კარგი იდეაა, ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას პრეცედენტი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს მოსთხოვენ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პროექტი ნოემბრის ბოლოდან დაიწყება, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და ქვეყნიდან გასულ ემიგრანტებს საშუალება ექნებათ ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ ეთერში მიადევნონ თვალი.