საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი ჯარისკაცების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო ამაყობს. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები ცხინვალის რაიონში მშვიდობიან მოსახლეობას კარგად ექცეოდნენ და მათ დაცვას ცდილობდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საქართველოს პატრიარქთნა, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
"მე ძალიან ვამაყობ სხვა მოქმედებთან ერთად, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა ჩაიდინეს ადამიანის უფლების დაცვით. როცა ჩვენი ბიჭები შედიოდნენ, მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვაქვს დავალება მიღებული მაქსიმალურად გაგიფრთხილდეთ, თქვენ ჩვენი ხალხი ხართ, გვიყვარხართ და ერთი თმის ღერი არ უნდა ჩამოგივარდეთო", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა და იქ მცხოვრებმა პროპაგანდის ქვეშ მყოფმა ადამიანებმაც დაადასტურეს.