ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებით დაინტერესება შვიდმა კომპანიამ გამოთქვა, მათ შორის, Engineers India Limited, Granherne, Purvin & Gertz, FLUOR, SK Engineering & Construction, PDC და OTC Capital.
კომპანიებს, რომლებმაც კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მიიღეს მონაწილეობა გადაეგზავნათ საბოლოო სატენდერო წინადადებები, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მიზნად ისახავს შეისწავლოს, დააგეგმაროს და ააშენოს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში, ამ მიზნით კორპორაციამ საკონსულტაციო მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა 15 ივნისს გამოაცხადა.
კონსულტანტმა უნდა განახორციელოს საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობის განხორციელებისათვის ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობის შესწავლა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების ფინანსირების მოთხოვნებს. კერძოდ, ბაზრის ანალიზს, მომარაგების საშუალებების დადგენას, წარმოებული ნავთობ-პროდუქტების მოცულობის დადგენას, სარგებლისა და დანახარჯების შეფასებას, ალტერნატიული გადაწყვეტილებების ანალიზს, რისკების ანალიზს, ბიზნეს გეგმისა და ფინანსური მოდელის შემუშავებას, პროექტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების შეფასებას, კონცეპტუალურ დაგეგმარებას. კონსულტანტის მიერ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება სრულად უნდა გადმოცემდეს პროექტის შესაძლო გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, აღწერდეს არსებულ საკანნონმდებლო შეზრუდვებსა და რეგულაციებს და მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად შემდგომი დეტალური დაპროექტებისა და მშნებლობისათვის.
ამჟამად საქართველოში არ მუშაობს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, შესაბამისად ქვეყანა მთლიანად იმპორტირებულ ნავთობ პროდუქტებზეა დამოკიდებული. მზარდი მოთხოვნა ნავთობ პროდუქტებზე ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზარზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ქმნის საფუძველს ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის არსებობისთვის. ამავდროულად, ასეთი პროექტის განხორციელება საგრძნობლად აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დონეს და შექმნის ადგილობრივი წარმოების პოტენციალს შემდგომი ექსპორტისათვის.