საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პოლიტიკურ არხად ჩამოყალიბებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა საჭირო არ არის და ეს პროექტი განხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის 2010 წლის ბიუჯეტიდან. ეს განცხადება დღეს სესიაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვეფხვაძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კითხვა 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დასვა და ფინანსთა მინისტრისგან მოითხოვა განმარტება _ სამინისტრო ითვალისწინებს თუ არა იმ 5 მილიონ ლარს, რაც საჭიროა მეორე არხის პოლიტიკურ არხად ჩამოყალიბებისთვის. ვეფხვაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ აღნიშნულ თანხას ამ პროექტის განხორციელებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ითხოვს. ბაინდურაშვილის განმარტებით, ეს თანხა გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის 22-მილიონიან დაფინანსებაში.
ბაინდურაშვილი აღნიშნავს, რომ, მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მომავალ წელს წლევანდელთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ თანხა გამოთავისუფლდა იმით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობის ინფრასტრუქტურა და საჭირო აპარატურით უზრუნველყოფის საკითხი მოაგვარა. მის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსების გარდა ბიუჯეტიდან სესხის აღების უფლებაც აქვს. ამ უფლებით მაუწყებელი ხშირად სარგებლობს და მიჩნევს, რომ საჭიროების შემთხევვაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ამით ისარგებლებს.