ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ 11 აგვისტოს მოლდოვასთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრების თავკაცი კიშინოვში 17 ფეხბურთელს წაიყვანს. მოლდოვასთან მატჩისთვის ქეცბაიამ გროზნოს "ტერეკის" ნახევარმცველი ლევან გვაზავა გამოიძახა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნება.
ნაკრებში უნდა ყოფილიყო ყაზანის "რუბინის" მცველი ლაშა სალუქვაძეც, ვინც ტრავმირებულია და სულ ცოტა, სამი კვირა ვერ ითამაშებს. შესაძლოა, რომ სალუქვაძე სხვა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს. ქეცბაიას სიაში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე სამი ფეხბურთელია: გიორგი ლორია, ნიკა გელაშვილი და თორნიკე აფციაური.
კამერუნთან 25 მაისს ჩატარებული ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ, ნაკრებში ვერ მოხვდნენ ბერძნული "ერგოტელისის" მცველი გიორგი შაშიაშვილი, ბაქოს "ინტერის" მცველი ილია კანდელაკი და აკშელონის "ჰაპოელის" ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), კახა კალაძე ("მილანი", იტალია), ალეკო ამისულაშვილი ("კაისერისპორი", თურქეთი), მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი" მოსკოვი, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), დავით კვირკველია ("ანჟი", რუსეთი);
ნახევარმცველები: ლევან გვაზავა ("ტერეკი", რუსეთი), გოგიტა გოგუა ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), თორნიკე აფციაური ("ზესტაფონი"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია);
თავდამსხმელები: დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი" ჰაიფა, ისრაელი), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი").