საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის მაღალ მთიან რეგიონს ესტუმრა. გოდერძის უღელტხეილზე პრეზიდენტმა პროექტ - "კურორტი ოთხი სეზონისთვის" მაკეტი დაათვალიერა. აჭარის მაღალ მთიან რეგიონში პრეზიდენტთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია იმყოფებოდნენ.
სააკაშვილის თქმით, უკვე მომავალ ზამთარს ტურისტებს ევროპული სტანდარტების სათხილამურო ტრასებითა და საბაგიროებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.
"გოდერძის უღელტეხილზე საბაგირო გზა და დასასვენებელი კომპლექსები უნდა აშენდეს. კურორტი ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს. ეს კურორტი მოგვცემს საშუალებას გავაორმაგოთ ტურისტების რაოდენობა. რეალურად, ეს პროექტი ზაფხულშიც იმუშავებს. 1-ლი საბაგირო და 1-ლი კურორტი აქ უკვე მომავალ ზამთარს უნდა გაიშვას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ვერა ქობალიას განცხადებით კი, საზღვარგარეთ აღნიშნული ტურისტული ზონის მისამართით დაინტერესება უკვე არსებობს.
"ინფორმაცია გავრცელდა უკვე, რომ აქ იქნება ტურისტული ზონა და უკვე გვეკითხებიან, თუ როდის შუძლიათ აქ ჩამოსვლა და დასვენება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ.
ცნობისათვის, გოდერძის უღელტეხილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დაწყებულია. მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კურორტის ინფრასტრუქტურაზე მუშაობა კი აქტიურ ფაზაში რამდენიმე თვეში შევა.