საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ახალი ქანდაკება - "ყირამალა" გახსნა. არქიტექტორ გელა წულაძის მიერ შექმნილი ქანდაკება ბათუმის ბულვარში განთავსდა.
პრეზიდენტმა ბათუმის ბულვარის გაგრძელების მნიშვნელობასა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, დადგება დრო, როცა აჭარაში 900,000 ათასი ტურისტი ჩამოვა, რაც საქართველოს ბიუჯეტს მილიარდნახევარ ლარს მოუტანს.
"ბათუმი ხდება ხელოვნების ცენტრი. აქ ჩამოდიან საუკეთესო შემსრულებლები, იდგემბა ქანდაკებები იმ ხალხის მიერ, ვინც დგამს მსოფლიოს საუკეთესო ადგილებში ამ ქანდაკებებს. თვითონ ეს ბულვარი ევროპაში არის ერთ-ერთ საუკეთესო და ლევან ვარშალომიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 8 კილომეტრიანი ბულვარი კვარიათამდე გავაგრძელოთ და ეს ბულვარი 20 კილომეტრიანი გახდება. დღეისათვის, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 400,000 გადასცდა ეს არის აბსოლუტური რეკორდი, ასეთი ტემპებით ჩვენ 900,000 სტუმრამდე ავალათ, რაც საქართველოს ეკონომიკას მინიმუმ მილიარდნახევარ ლარს მოუტანს. ეს ფული იქნება იმისთვის, რომ ხალხმა კაფეები და ოჯახური სასტუმროები გახსნას, ახალი დასაქმების ადგილები გაიხსნას. განვითარდეს ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. ჩვენ გვაქვს შედეგები და მომავალ წელს აჭარაში ორმაგი და შესაძლოა მეტი რაოდენობის ტურისტი ჩამოვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.