საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სააქციო საზოგადოება `ქართულ ფილმსა~ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის 2010 წლის 30 ივლისს, 13:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც კინომემკვიდრეობის დოკუმენტების დაცვას შეეხება.
მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ არქივს შესანახად გადაეცემა `ქართული ფილმის~ საცავებში არსებული 4 ათასამდე დოკუმენტი, მათ შორის: 1000-მდე ფილმის (`ნატვრის ხე~, `ალავერდობა~, `ადამიანთა სევდა~, `დიდი მწვანე ველი~, `იმერული ეკიზები~, `კუკარაჩა~, `სიყვარული ყველას უნდა~, `მონანიება~, `შერეკილები~, `ვედრება~, `ვერისუბნის მელოდიები~, `გლახის ნაამბობი~ და სხვ.), 3000-ზე მეტი ლიტერატურული და სარეჟისორო სცენარი, სამონტაჟო ფურცლები; რეჟისორების, მსახიობების, სცენარისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრების 1000-მდე პირადი საქმე.
თანამშრომლობის მემორანდუმის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს კინოფირების, გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოების, ესკიზების, აფიშებისა და კინოწარმოებასთან დაკავშირებული სხვა მასალის შესანახად გადაცემას ეროვნული არქივისათვის.
დოკუმენტების მესაკუთრედ უცვლელად დარჩება `ქართული ფილმი~.