მსოფლიო საეკლესიო კრება — უმაღლესი ქრისტიანული სამღვდელოების კრებაა, რომლებზედაც წყდება უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები, აწესებენ სარწმუნოებისა და კულტის ნორმებს, ასწორებენ ან ადგენენ ახალ წესებს, აფასებენ ან უარყოფენ სხვადასხვა კონცეფციებს, განსაზღვრავენ ერესებთან ბრძოლის მეთოდებს, ამტკიცებენ დოგმებს და იღებენ ეკლესიის გაძლიერების ღონისძიებებს.
მსოფლიო საეკლესიო I კრება ქ.ნიკეაში, 325 წლის 19 ივნისიდან 25 აგვისტომდე გაიმართა იმპერატორ კონსტანტინე I (280-337)-ის ხელმძღვანელობით. მოწვევის მიზეზი ოფიციალურად გახდა ალექსანდრიელი (ლიბიელი) მღვდლის-არიოზის მწვალებლური მოძღვრება, რომ ქრისტე მამის თანასწორი არაა არსით იგი ქმნილებაა, თუმცა უსრულესი და უმაღლესი.
მსოფლიო კრების შედეგად დაიგმო არიანელობა და მისი არსი, არიოზი კი თავის მომხრეებთან ერთად გადაასახლეს; დადგინდა აღდგომის განსაზღვრის თარიღი.
II კრება
გაიმართა კონსტანტინოპოლში, 381 წელის მაისი-ივნისში. იმპერატორ თეოდოსი II-ის (401-450) ხელმძღვანელობით.
კონსტანტინოპოლის კრებამ ყოველგვარი ერესი ანათემას გადასცა; 150-მა მამამ, როგორც თავის სიმბოლოს, სანქცია მისცა იმ ტექსტს, რომელიც მანამდე იყო შედგენილი. სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, წმიდა მამებმა დაამტკიცეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო. I მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში არაფერი იყო ნათქვამი სულიწმიდის თანასწორობაზე და თანაარსებობაზე მამა ღმერთთან, რადგან მაშინ არ იყო ერესი, რომელიც სულიწმიდას გმობდა. ამიტომ წმიდა მამებმა ნიკეის სიმბოლოს დაუმატეს 8, 9, 10, 11 და 12 წევრები, სადაც გადმოცემულია სწავლება სულიწმიდაზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე, მიცვალებულთა აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე, ე.ი. საბოლოოდ დაამტკიცეს ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია.
III კრება
გაიმართა ეფესოს დიდ ეკლესიაში, 431 წ, 22 ივნისი-31 აგვისტოს, იმპერატორ თეოდოსი II -ის(401-450) ხელმძღვანელობით.
მიღებული იქნა 8 კანონი. მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა (ნესტორიანელობა) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.
IV კრება
გაიმართვის ადგილი ქალკედონის წმიდა ეფემიას სახელობის ბაზილიკა, 451 წლის 8-16-31 ოქტომბერი. მიღებული იქნა 30 კანონი.
შედეგად, კრებამ განკვეთა დიოსკორე, დაგმო მისი თავმჯდომარეობით გამართული ,,ავაზაკთა კრება’’ და ევტიქი; ჩამოაყალიბა ქრისტეს შესახებ სწავლება. ქრისტიანულ ეკლესიაში, განსაკუთრებით მძაფრი იყო დავა იესო ქრისტეს ბუნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა მწვალებლობის საფუძველი გახდა.V საუკუნის შუა ხანებში ალექსანდრიაში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა – მონოფიზიტობა. მონოფიზიტები ქრისტეს ადამიანურ საწყისს უარყოფდნენ და მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ, 451 წელს დაგმო მონოფიზიტობა და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის განუყოფლობა – დიოფიზიტობა. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინასა და სომხეთში მონოფიზიტური გახდა.
V კრება
გაიმართა კონსტანტინოპოლის წმიდა სოფიას ტაძარში, 553 წლის 5 მაისი - 2 ივნისი.
შედეგად გადაწყდა ,,სამი თავის’’ საკითხი; დაიგმო ორიგენე და ორიგენიზმი.
VI კრება
გამართვის ადგილი-იმპერატორის კონსტანტინოპილის სასახლის, ტრულისად წოდებული დარბაზი. 680-681 წლები.
კრებას კანონები არ მიუღია. კრებამ შეაჩვენა თეოდორე ფარანელი, სერგი, პავლე, პიროს და პეტრე კონსტანტინოპოლელები, კვიროს ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. ანათემას გადასცა რომის პაპი ჰონორიუსი. კრებამ განამტკიცა ქრისტეში სრული ადამიანურობის შესახებ სწავლება.
VII კრება
გაიმართა ნიკეაში. კრება გაიხსნა 787 წლის 24 სექტემბერს და დაიხურა 23 ოქტომბერს. მის მოწვევის მიზეზი იმპერიაში გავრცელებული მწვალებლობა-ხატმებრძოლეობა გახდა.
კრებამ შეაჩვენა ხატმებრძოლები, მათ დამცველ სასულიერო პირებს ხარისხი აყარა, ერისკაცები კი დასაჯა.
კრებამ განსაზღვრა, რომ ,, წმიდა და პატიოსანი ხატები მიღებულია თაყვანისცემისათვის ისევე,როგორც პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარი, მიუხედავად იმისა, თუ რით იქნებიან ეს ხატები შესრულებულნი, საღებავით, მოზაიკით, თუ სხვა ნივთიერებით, ასევე გამოსახულებანი ეკლესიის ნაკურთხ ჭურჭელსა და შესამოსელზე, კედლებსა და დაფებზე, შინ თუ გზის პირებზე, ხოლო ყველა ხატი, როგორც იესო ქრისტესი, ისე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, პატიოსანი ანგელოზების და ყველა წმიდა და ღირსი მამისა, რაც უფრო ხშირად იქცევა ჩვენი ჭვრეტის საგნად, მით უფრო მეტად აღვიძვრებით ამ ხატების შემყურენი მათი პირველსახის მოგონებით, უფრო დიდ სიყვარულს შევიძენთ მათ მიმართ და მეტი გულმოდგინებით ვემთხვევით, მუხლს მოვიყრით და თაყვანს ვცემთ მათ, მაგრამ არა იმგვარი მსახურების სახით, რომელიც ჩვენი რწმენით, მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას შეეფერება”.
მერვე საეკლესიო კრების ჩატარებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ათეულობით წელია ცდილობს. სწორედ ამ მიზნისთვის 40 წლის წინ, 1976 წლის ნოემბერში, ჟენევაში შეიკრიბნენ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები და დღის წესრიგზე იმსჯელს.
სტამბულში დაფუძნებულ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრების ჩატარება სტაბულში, აია-ირენეს ეკლესიაში სურდა. ღონისძების ჩატარების ადგილის სადავო არ გამხდარა, სანამ 2015 წლის 24 ნოემბერს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-24- ჩამოგდების გამო.
2016 წლის იანვარში კი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა ჟენევაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მერვე კრება სტამბოლის ნაცვლად კუნძულ კრეტაზე გაიმართება.
მოსამზადებელ შეხვედრაზე შემუშავდა საკითხები, რომლებზეც ეკლესიათა მეთაურებმა უნდა იმსჯელონ. ესენია: ქრისტიანული ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, მართლმადიდებელთა დიასპორა, ავტოკეფალია და მისი მინიჭების წესი, ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები, მარხვის მნიშვნელობა და მისი გამოყენება დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან.
მოსამზადებელ შეხვედრაზე ეკლესიათა მეთაურებმა ასევე იმსჯელეს მართლმადიდებლური სამდივნოს შექმნაზე. მოსამზადებელ შეხვედრაზე მეთაურებმა მხარდაჭერა აღუთქვეს ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებს.
შეხვედრას კონსტანტინოპოლის პატრიარქის გარდა ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოსი, მოსკოვის პატრიარქი კირილე, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, რუმინეთის პატრიარქი დანიელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი, ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავარეპისკოპოსი რასტისლავი ესწრებოდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განმარტებით, დღის წესრიგში არ შეიტანეს საერთო კალენდრის დადგენის საკითხი, ხოლო ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“ ნაწილობრივ ჩასწორდა, ხოლო დოკუმენტს, – ,,ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები,“- რადგან სათანადო ცვლილება არ განიცადა, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკითხი კიდევ უნდა დამუშავდეს.
“მიიჩნევა, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება (ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი”, - განმარტა მაშინ საქართველოს საპატრიარქომ.
წყარო: ვიკიპედია