დღეს, ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის 1-ელ მატში, თბილისის "დინამო" ადგილობრივ "შტურმს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მთავარი მსაჯი ესტონელი ჰანეს კასიკი იქნება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ავსტრიულ ტელეარხ ORF1-ზე იქნება.
ცნობისათვის, ავსტრიულ გრაცში ჩასული თბილისის "დინამო" სასტუმრო "სან მარკოში" დაბინავდა და გუშინ, თბილისის დროით 22:30 საათზე, "უპც არენაზე" ივარჯიშა - იქ, სადაც დღეს ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ "დინამოს" არ ეყოლება თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელსაც ორი ყვითელი ბარათი აქვს. იდეალური შემადგენლობით ვერც გრაცელები იქნებიან - კლეინეზეიტუნგ-ის ცნობით, ავსტრიელებს წამყვანი ნახევარმცველი, კლაუს სალმუტერი დააკლდებათ. ეჭვქვეშ არის კიდევ ერთი ნახევარმცველის, ანდრეას ვებერის თამაშიც, რომელმაც ავსტრიული ბუნდესლიგის ბოლო ტურში ("კაპფენბერგთან" 3:0) ტვინის შერყევა მიიღო.