ქუთაისში, პარლამენტთან აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეებმა თავზე ტომრები ჩამოიცვეს. ,,ევროპული საქართველო” დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
,,ჩვენ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანებს იტაცებენ და სხვა ქვეყნებში გაჰყავთ"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. აქციას ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შეუერთდა.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.