ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის კავშირის თავმჯდომარე ადგილობრივ ბაზარზე საავტომობილო ზეთების ფალსიფიცირებაზე ალაპარაკდა.
ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საავტომობილო ზეთების ბაზარზე გახშირდა შეთხვევები, როცა ცნობილი ბრენდების მეორადი ზეთების ჭურჭელში ხდება სხვა გაურკვეველი წარმოშობისა და ხარისხის სითხის ჩასხმა და რეალიზება (ეხება ყველა კატეგორიის საავტომობილო ზეთს), როგორც ბრენდირებულის.
"პრობლემამ საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. ამით ძირითადად დაკავებულები არიან საავტომობილო ზეთების გამოცვლის ობიექტები. ეს ხდება როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. სითხედ იყენებენ როგორც გამოცვლილ ზეთს, ასევე დაბალი ხარისხის ზეთს. ეს უკანასკნელი ქვეყანაში შემოდის სავსევით ლეგალურად ყველა საბაჟო პროცედურების გავლით, თუმცა მათ ნაკლები კავშირი აქვს ზეთებთან თავისი ხარისხიდან გამომდინარე. აღნიშნული ზეთების ფასი მერყეობს 3-4 ლარის ფარგლებში/ლიტრა, მაშინ როდესაც ბრენდირებული საავტომობილო ზეთები კატეგორიების მიხედვით მასზე 3-ჯერ, 4-ჯერ და უფრო მეტადაც ძვირია. აქედან გამომდინარე, მატერიალური დაინტერესება ამ "ფალსიფიკატორებისათვის" საკმაოდ დიდია"- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ასეთი ფაქტები ხელს უშლის საავტომობილო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოსა და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
"იქიდან გამომდინარე, რომ უხარისხო ზეთები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სამანქანო ზეთების რეალიზაციებში. ეს თავისთავად განაპირობებს იმას, რომ კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად მუშაობდნენ, იკავებდნენ თავის ადგილს კონკურენციის პირობებში, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვარდებიან.
ყოველივე ამით დაზარალებულები არიან როგორც კომპანიები, სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე მომხმარებლები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ახორციელებენ მათთვის სასურველი ბრენდის საავტომობილო ზეთის შეძენას, თუმცა სინამდვილეში ყიდულებენ ფალსიფიცირებულ, გაურკვეველი წარმოშობის საავტომობილო ზეთს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას. თუმცა შედეგი მათთვის უარყოფითი იქნება, რადგან აღნიშნული ზეთი გააფუჭებს ავტომობილის ძრავას."- აცხადებს მთვრალაშვილი და საავტომობილო ზეთების მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ სამანქანო ზეთის შეძენისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ.