ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ISO 9001-ის ხარისხის საერთაშორისო ოქროს სერთიფიკატით ქართულ კომპანია ABL ენერჯის დააჯილდოვებენ. როგორც ჟურნალისტებს GIC-ის ირანის ოფისის ხარისხის მართვის მენეჯერმა ფარანდმა განუცხადა აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 10 კომპანია შეირჩა, რომელთაც ISO 9001-ის ხარისხის საერთაშორისო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სერთიფიკატები გადაეცემათ. მისი განმარტებით, სერტიფიკატების მინიჭებამდე აღნიშნულ რეგიონებში წარმატებულ კომპანიებს გადაეგზავნათ კითხვარები, რომელიც 200 კითხვისგან შედგებოდა. აღნიშნული კითხვარებიდან 90-დან 100 კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანიებს ოქროს, 80-დან 90-მდე ვერცხლის, 60-დან 80-მდე კი ბრინჯაოს სერთიფიკატები გადაეცემათ.
სერთიფიკატებს კომპანიები სერთიფიცირების, კონსულტირებისა და მართვის მენეჯმენტში მიიღებენ.
"ხარისხის სერთიფიკატით დაჯილდოვებულ კომპანიებს სხვებთან შედარებისთვის ის უპირატესობა ექნებათ, რომ მათი პროდუქციის მომხმარებელი კიდვე უფრო გაიზრდება. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი და როდესაც ესა თუ ის კომპანია ამ ხარისხს აკმაყოფილებს შესაბამისად მისდამი ნდობაც იზრდება", _ აღნიშნა ფარანდმა.
ამასთან როგორც კომპანია ABL ენერჯის დირექტორმა გიორგი ბერეკაშვილმა აღნიშნა, მისი კომპანია საკაბელო პროდუქციას აწარმოებს და ISO -ს სერთიფიკატი მან პირველად 2008 წელს მიიღო და მას შემდეგ ყოველწლიურად კომპანია ტესტირებას თავიდან ახორციელებს.
"ჩვენ პროდუქციაზე ყველა საერთაშორისო ტენდერზე გატანის დროს ISO -ს სერთიფიკატს გვთხოვენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამიტომ ჩვენთვის, რომ პროდუქციის ხარისხი მაღალი იყოს. ამასთან სერთიფიკატი არის იმის გარანტია რომ მომხმარებელი ჩვენგან ხარისხიან პროდუქტს ყიდულობს" - აღნიშნა ბერეკაშვილმა. მისი თქმით, ABL ენერჯი 2001 წლიდან გამოვიდა ქართულ ბაზარზე.
ამ წუთებში ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ISO -ის სათაო ოფისის და ირანის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით სემინარი მიმდინარეობს, სადაც საუბარი შეეხება თუ რა სტანდარტებია იმისთვის საჭირო რომ კომპანიის პროდუქცია ISO 9001-ი მიიღოს. სემინარს 35 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.