რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ მიიღებს. მის ნაცვლად, რუსული მედიის ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი დვინიატინი უხელმძღვანელებს. ამას გარდა, კონსულტაციების შედეგად არ გაიმართება რუსეთის წარმომადგენლის ტრადიციული პრესკონფერენცია.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად ჟენევაში არც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. მრჩეველი და ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩირიკბა ჩავა. მის ნაცვლად იქ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა და ბაღაფშის ე.წ. ადმინისტრაციის Yთანამშრომელი ნადირ ბიტიევი ჩავლენ.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ამ რაუნდში არც აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ გორდონი მიიღებს მონაწილეობას.
"საზაფხულო შვებულებების პერიოდი მთლიანობაში აისახა იმაზე, რომ რუსული დელეგაციის შემადგენლობა შემცირდა, თუმცა ძირითადი ექსპერტები დელეგაციის შემადგენლობაში მაინც დარჩნენ", _ აცხადებს დვინიატინი და დასძენს, რომ კარასინის არყოფნა მხოლოდ დროებითია და ამით რუსეთს არავითარი "პოლიტიკური სიგნალის" მიცემა არ სურს.
დვინიატინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსული დელეგაცია მოლაპარაკებებზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას კვლავ მოითხოვს.