ანზორ ქოქოლაძემ "თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძეს წერილილობით მიმართა, რომელშიც "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 55%-ის სამმაგ ფასად გამოსყიდვას და ყველა ვალდებულების რეაბილიტაციის გეგმით დაფარვას სთავაზობს, რასაც ახალი მენეჯმენტი ვერ ასრულებს.
თუ ნამდვილად სიმართლეა, რომ „თიბისი ბანკი" მხოლოდ თავისი ვალის შემცირებით იყო დაინტერესებული და თუ „თიბისი ბანკი" მართლა მიიჩნევს რომ „ელიტ-ელექტრონიქსის" 55% , 116 ათასი ლარი ღირდა, რა ფასადაც ფარულად გადაიფორმა, მე სამჯერ მეტს ვუხდი ამ აქციების სანაცვლოდ - აცხადებს „ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე.
ანზორ ქოქოლაძე იმასაც აცხადებს, რომ "თიბისი ბანკმა" ყოვლად გაუმართლებელი და არაკეთილსინდისიერი გზებით მიითვისა "ელიტ ელექტრონიქსის" აქციები. „თიბისი ბანკი" მართლა რომ ყოფილიყო დაინტერესებული მხოლოდ საკუთარი ვალის შემცირებით, 2010 წლის იანვრის თვეში არ გამოისყიდდა არც იმ 1,300,000 დოლარს "სახალხო ბანკისგან", რომელიც "ელიტ ელექტრონიქსს" კრედიტის სახით ქონდა მიღებული სახალხო ბანკისგან და არც "ელიტ ელექტრონიქსის" იმ აქციების 55%-ს შეისყიდდა ფარულად, რომლის ოფიციალური მმართველი ისედაც იყო.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 55% "თიბისი ბანკმა" "თიბისი ბროკერის" საშუალებით 116 ათას ლარად ფარულად შეისყიდა. "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე ამ გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვს და თავისი კანონიერი უფლებების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძვის.