აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პატიმრობიდან, ახლო ნათესავების გარდაცვალებისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, დროებით გაათავისუფლეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ კი ,,ტვიტერზე“ დაწერა, რომ მუხთარლის ნება დართეს ზაქათალაში დაესწროს ნათესავების გარდაცვალებიდან გასული მე-40 დღის სამგლოვიარო ცერემონიას. ზაქათალაში ჩავიდა ხადიჯა ისმაილოვაც.
აფგან მუხთარლის და, ნურან საბირ მუხთარლი და ორი დისშვილი 2017 წლის დეკემბერში გარდაცვლილები იპოვნეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში. გარდაცვალების მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.
2018 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.