საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ევროკავშირის მისია ერთი წლით გახანგრძლივდა. მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირი რჩება იმ საერთაშორიო ორგანიზაციად, რომელიც რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარპაშის უფლებას არ მისცემს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მისია საქართველოში რჩება. მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახერხა და დაბლოკა გაერო-სა და ეუთო-ს მისიები. ევროკავშირი არის და რჩება, როგორც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, იმ საერთაშორისო ორგანიზაციად, რომელიც იქნება საქართველოში და არ მისცემს რუსეთს უფლებას იპარპაშოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ მოიწონა გადაწყვეტილება საქართველოში ევროკავშირის დამკვირებლებისთვის მანდატის კიდევ ერთი წლით 2011 წლის 14 სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ, _ ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციში.
ინფორმაციაში განმარტებულია, რომ დამკვირებელთა მისიამ უნდა უზრუნველყოს “ექვსპუნქტიანი შეთანხმების” სრული შესრულება, მისი საქართველოს სრულ ტერიტორიაზე ეტაპობრივი გავრცლებით.
ევროკავშირის დამკვირებელთა მისია მოწოდებულია უზრუნველყოს ”სამოქალაქო კონტროლი მხარეთა ქმედებებზე, მათ შორის “ექვსპუნქტიანი შეათნხმების” სრული დაცვა და მისი თანდათანობითი გავრცელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”, _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები