საგარეო საქმეთა მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობას გაუფრთხილდნენ. მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის კუთხით დღეს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
,,მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ იმ დიდ შესაძლებლობას, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მოგვენიჭა. ამით ისარგებლა საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველამ დაიცვას ეს პირობა, რათა გაგრძელდეს შეუფერხებლად და არ წარმოიშვას რაიმე კითხვები საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს პირობები გადაიხედოს“, - განაცხადა ჯანელიძემ.
ერთი წლის წინ, 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას საბოლოოდ დაუჭირა მხარი. თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.