რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩში მოსკოვის ცსკა-მ ნალჩიკის "სპარტაკს" უმასპინძლა და 1:2 წააგო. თამაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ბენეფისად იქცა. დავით სირაძემ და გოგიტა გოგუამ "არმიელებს" თითო გოლი პირველსავე ტაიმში გაუტანეს, რისი წყალობითაც ნალჩიკელებმა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე 2:1 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც გეტერიევის პასის შემდეგ, სირაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ერთი შეხებით, რუსეთის ნაკრების კარის დარაჯ აკინფეევს გაუტანა. 41-ე წუთზე, ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა და მათ შორის გოგუამ ყვითელი ბარათები მიიღო, 45-ეზე კი გოგიტამ ფლანგურ ჩაწოდებას კარგი გაგრძელება მოუძებნა და მახვილი კუთხიდან გაიტანა
მსაჯის მიერ პირველი ნახევრისთვის დამატებულ დროში ნეციდმა ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს მაქსიმუმი იყო, რაც ცსკა-მ მოახერხა.
ამ გამარჯვებით ნალჩიკელებმა 25 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი შეინარჩუნეს.