იმედია, ჩემი მეუღლე 24 თებერვლამდე თავისუფალი იქნება, - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა თუბა ჩაბუქმა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ თქვა. სახალხო დამცველი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებს და მეუღლეს ოფისში შეხვდა:
,,ქალბატონი ნინო დაგვპირდა, რომ ამ საქმეს თვალ-ყურს მიადევნებს და იტყვის ყველგან ჩემი მეუღლის შესახებ. ახლა რამდენიმე დღე დარჩა მხოლოდ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 24 თებერვლამდე თავისუფალი იქნება ჩემი მეუღლე. ამ იმედით სავსე მივდივართ აქედან", - თქვა თუბა ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურება. ადვოკატი სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურას ექსტრადირების თაობაზე სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს:
"სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს გავიარეთ ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხი და მოვისმინეთ სახალხო დამცველის პოზიცია. კერძოდ, ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ გამოხატა მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექტრადირება და ამის თაობაზე იმედი გვაქვს, რომ იგი გააკეთებს საჯარო განცხადებასაც",- აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.