სპორტის სასახლეში დასრულებული თბილისის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრებმა მოიგო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინის ნაკრები 87:84 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას თასი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გადასცა.
თამაში დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ქართველმა კალათბურთელებმა გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვეს. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 7 წამი რჩებოდა ანგარიში კი 84:84 იყო, ამ დროს შეტევა ამერიკელმა ტორინ გრინმა დაიწყო და ზუსტი სამქულიანით ნაკრებს გამარჯვება მოუტანა - 87:84. ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი კი მანუჩარ მარკოიშვილს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.
ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხივე გუნდი დააჯილდოვეს - საუკეთესო მცველად ტორინ გრინი დაასახელეს, საუკეთესო ფორვარდისათვის დაწესებული პრიზი უკრაინელ სერგეი გლადინს გადაეცა, საუკეთესო ცენტრად ზაზა ფაჩულია აღიარეს, ბომბარდირი რუმინელი მოლდოვანი გახდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ მანუჩარ მარკოიშვილი დაასახელეს.
ცნობისათვის, საქართველოს ნაკრებს პირველ ოფიციალურ მატჩამდე ცოტა დრო რჩება. 2 აგვისტოს კოკოშკოვის გუნდი პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებს.