ქართული მხარე ჟენვაში საერთაშორისო მოლაპარაკების მე-12 რაუნდზე მოლაპარაკებებში მონაწილების მისაღებად დღეს, გამთენიისას გაემგზავრა.
როგორც გამგზავრების წინ აეროპორტში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და დევნილთა ღირსეულად დაბრუნების საკითხებს დააყენებს.
"სამწუხაროდ ამ რაუნდზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი არ გვაქვს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულ და არაკონსტრუქციული ფონს, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის და მათი კლიენტების ხრიდან, ცხინვალის და სოხუმის რეჟიმებს ვგულისხმობ. ჩვენ გვქონდა მუქარის მორიგი რაუნდი, როცა განაცხადეს, რომ საერთოდ არ აპირებდნენ ჟენევაში ჩამოსვას. კარგია, რომ ჩამოდიან და ჩვენ მომხრეები ვართ ყველა შემთხვევაში მოლაპარაკების გაგრძელების", - განაცხადა ბოკერიამ.
ჟენევის მოლაპარაკების მე-12 რაუნდი ხვალ, 27 ივლისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ცხინვალის და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმები ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლით იმუქრებოდნენ თუ ქართული მხარე მათთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებას არ გაფორმებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კი საქართველოს ხელისუფლება პოზიციის შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება სეპარატისტებს მხოლოდ ე.წ. რესპუბლიკების დე ფაქტოდ ცნობისთვის სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი კვალავ ერთადერთი შედეგით დასრულდა, კერძოდ კი მხარეებმა მოლაპარაკებზე მხოლოდ მომავალი შეხვედრის თარიღზე შეთანხმება მოახერხეს.