საქართველოს ბიზნესასოციაცია სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართულებითაც აქტიურდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციაში განუცხადეს, სექტემბრიდან იქმნება ახალი - სოფლის მეურნეობის განვითარების კომიტეტი, რომელსაც ასოციაციის წევრი, კომპანია "თბილღვინოს" გენერალური დირექტორი, გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, რომ კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობა იქნება. Kომიტეტუ იმუშავებს ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე.
ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას უკვე აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კომიტეტის საქმიანობისათვის.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უკვე არსებობს საგადასახადო საბაჟო, საფინანსო და დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტები.