სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა. საიმპროტოში კი _ ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქსტატიდან აცნობეს, ფეროშენადნობების წილად ექსპორტის 18 პროცენტი მოდიოდა და 129 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ნავთობპროდუქტების წილად 13 პროცენტი და 292 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე ადგილს როგორც საექპოსრტო ასევე საიმპორტო საქონელში მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომელიც ექსპორტის 12 პროცენტია, ხოლო მისმა წილმა იმპორტში 6 პროცენტი შეადგინა.
წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტი, რომელმაც 12 მლნ. აშშ დოლარით მესამე ადგილი დაიკავა და 94 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2010 წლის იანვარ-ივნისში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 26 პროცენტით, ექსპორტი 9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 30 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2010 წლის იანვარ-ივნისში 37 პროცენტით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის შესაბამის პერიოდში.
2010 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2951 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 721 მლნ. აშშ დოლარი იყო (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2231 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-ივნისში 1510 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (3 პროცენტით მეტი).