ფესტივალი "არტ გენი 2010" დღეს დაიხურება. ფესტივალს საღამოს "ზუმბას" და "ჩვენებურების" ახალი პროექტი "ასტროჯორჯია" დახურავს. მანამდე კი "არტ-გენი 2010" მესტიის ლენტეხის, ხარაგაულის, თელავის გურიის, ხელვაჩაურისა და კასპის რაიონების ფოლკლორულ ანსამბლებს უმასპინძლებს.
"არტ-გენს" თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი 20 ივლისიდან მასპინძლობს. მანამდე ფესტივალმა საქართველოს რეგიონებში იმოგზაურა. ფესტივალი 12 ივნისს კახეთში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში გაიხსნა და კულტურული ტურებით მოიარა სამცხე-ჯავახეთი და ზემო რაჭა.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი 14-დან დაიწყო და 25 ივლისის ჩათვლით ვაკის პარკსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართება. 14-19 ივლისს კლუბში "33ა" თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, პოეზიის, ზეპირსიტყვიერების საღამოები და თანამედროვე ჯგუფების კონცერტები ჩატარდა.
20-25 ივლისს კი, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყო ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრის წარმოდგენები და ტრადიციული ქართული თამაშობანი, ფოლკლორი რეგიონებიდან, თანამედროვე ქართული ჯგუფების კონცერტები.