„გუშინ დამირეკეს, რომ მოსამართლეს განაჩენი მზად ჰქონდა. სასამართლოში მისვლას დღეს ვაპირებ, რომ განაჩენი ხელზე ჩავიბარო“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ.
მისი განმარტებით პრეზიდენტთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია. შესაბამისად, მისთვის სააკაშვილის პოზიცია, გაასაჩივრებს თუ არა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, უცნობია.
„ამასთან დაკავშირებით, მისი პოზიცია ჩემთვის ცნობილი არ არის, ერთი თვე ჰქონდა ვადა და თითქმის, 2 კვირა გავიდა. რა თქმა უნდა, მასთან დაკავშირებას ისევ შევეცდები, რადგან თუ გასაჩივრებას აპირებს, დადგენილ ვადებში უნდა გაასაჩივროს. დაცვის მხარე მინდობილობის, ან მისი თანხმობის გარეშე ვერ გავასაჩივრებთ. თუკი, ეს ვადები გავა, მას კიდევ რჩება იმის უფლება, ეს განაჩენი გაასაჩივროს დაკავების შემთხვევაში “, - აცხადებს გოგლიჩიძე.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 5 იანვარს გამოაცხადა. არევაძემ ის დამნაშავედ მიიჩნია და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაასაჩივროს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები თითქმის, 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.