ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია NDI-ის კვლევას, შედეგებს, კონკრეტულად კი იმ პუნქტს ეხმიანება, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი.
დეპუტატის შეფასებით, მაჟორიტარებს იმდენად აქტიური საარჩევნო კამპანია ჰქონდათ, რომ ყველა ოლქი თავის მაჟორიტარს უნდა იცნობდეს.
“მე მაინც მგონია, რომ ეს პირობითია და ასეთ ციფრებს პირობითად ვუყურებ. მგონია, რომ მაჟორიტარები არიან საკმაოდ აქტიურები და საკუთარ ამომრჩეველთან კიდევ უფრო თუ გააქტიურდებიან, ბუნებრივია, ეს უკეთესი იქნებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. შესაბამის კითხვაზე გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა - არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.