„მას ალიბი აქვს. მკვლელობა დაახლოებით, 5 საათზე მოხდაო, ამბობენ. იმ დროს ეს ადამიანი ბანკში იმყოფებოდა, ვალი გადაიხადა. რა, როდის გადაიხადა, ყველაფერი დაფიქსირებულია. მანამდე გარდაცვლილს დაელაპარაკა და წამოვიდა. მოვაჭრეებთან დაკავშირებით ისაუბრეს, ჩვეულებრივი, საქმიანი დიალოგი ჰქონდათ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
ყოფილ პროკურორს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაათავისუფლებენ.
„ვვარაუდობ, რომ გამოუშვებენ. თუ დადასტურდება რომ ის ვაზნები მამამისის არის, მაშინვე გამოუშვებენ. რეალურად ვაზნები მამამისისაა“, - აცხადებს კობაიძე.
ცნობისთვის, გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს „სტამბოლის ბაზრობის“ ადმინისტრაციის შენობის ოფისში დაცვის თანამშრომელმა გარდაცვლილი ნახა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია დააკავა.
ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.