აუდიტის სამსახურის ინფორმაციას, რომ საქართველოში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ეხმიანება.
როგორც ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის პუბლიკაციაში არ იყო განმარტებული, რომ საუბარი იყო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და არა სხვა აცრებზე, რომლებიც კეთდება კალენდრის მიხედვით.
"ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის, გუშინწინ გაიმართა სხდომა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს აუდიტის სამსახურს ჩვენი პოზიცია. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და იყო დაპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია საზოგადოებას ჯერ არ მოუგონია, რამაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. აუდიტის სამსახურის პუბლიკაციაში არ იყო განმარტებული, რომ საუბარი იყო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და არა სხვა აცრებზე, რომლებიც კეთდება კალენდრის მიხედვით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა.
უწყების ცნობით, შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა.
"მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით“, - ვკითხულობთ აუდიტორული სამსახურის 2018 წლის გეგმაში, რომლის მიხედვითაც აუდიტის სამსახური 2016-17 წლებში ჩატარებული იმუნიზაციის პროგრამას შეამოწმებს.
