დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში დღეს დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ე.წ ციანიდს საქმის მომდევნო სასამართლო პროცესი საჯარო ყოფილიყო, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს ერთი ინფორმაციაც კი არ გაუჟღერებია, რომელიც ვინმეს პირად ცხოვრებას ეხებოდა.
„სამსაათიან დასკვნით სიტყვას ერთი ხაზი გასდევდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მიდიოდა გერმანიაში იმისთვის, რათა იქ შორენა თეთრუაშვილი მოეკლა და ამისათვის მას ფული მიჰქონდა. ასევე საუბარი იყო თუ როგორ გამოიტანენ მან ბანკიდან ფული, რათა ამ ფულით შემდეგ ევროპაში მიმალულიყო. თურმე ამ ყველაფრის მოტივი ის ყოფილა, რომ თუ ის შორენა თეთრუაშვილს მოკლავდა და გერმანიაში მიიმალებოდა, ძებნილი ადამიანი დაწინაურდებოდა და ის ქონების მართვის უფროსის თანამდებობას დაიბრუნებდა.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა გვქონდა დაყენებული გვქონდა დაყენებული პროცესის საჯაროობაზე, მთელი პროცესის განმავლობაში, დასკვნითი სიტყვის ჩათვლით , ბრალდების მხარეს ერთი ინფორმაციაც კი არ გაუჟღერებია, რომელიც ვინმეს პირად ცხოვრებას ეხებოდა. ვინაიდან,მომდევნო სხდომაზე, 31 იანვარს, ვინმეს პირად ცხოვრებაზე არ ვაპირებთ საუბარს, შესაბამისად, ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუ სასამართლო ღია იქნება ამ ნაწილზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, ეს საქმეში არც არის. პროცესის ღიაობა სასმართლოს ინტერესში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კვლავ ვერ გაბედა, რომ საზოგადოებას სიმართლე მოესმინა და ამ კონკრეტულ არგუმენტზეც უარი გვითხრა. პროკურატურა ცდილობდა, საკუთარი ბრალი დაედასტურებინა, რომ მამალაძე ანგარებით მკვლელობას გეგმავდა, მაგრამ ეს ბრალი ვერც ანგარებით და ვერც ანგარების გარეშე დაადასტურეს“, -განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
შემდეგი სასამართლო პროცესი, რომელზეც დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, 31 იანვარს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის გაასამართლა.